ჰუბერტ ქნირში – საქართველოში გვიწევს იმ საფრთხის დანახვა, როდესაც პარტიები თავის თავს პირველ ადგილზე აყენებენ

დემოკრატიული კონსტიტუცია გაძლევთ უფლებებსა და თავისუფლებებს, მაგრამ კონსტიტუციური პოლიტიკა ხორციელდება ინსტიტუციების საშუალებით, ისინი წყვეტენ, სწორედ მათ აქვთ ლეგიტიმურობა , – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციაზე ”საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის 100 წელი და საბჭოთა ოკუპაცია” გახსნისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, პარტიები ძალიან ხშირად მისდევენ პოლიტიკას, რომელშიც მეორე მხარესთან ბრძოლა საზოგადოების სამსახურზე წინ ინაცვლებს.

„დღეს საქართველოში, თვალსაჩინოა საშიშროება იმისა, რომ პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ. ეს აშკარაა იმ შემთხვევაში, როცა ისინი კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იდგამენ პასუხისმგებლობის უღელს. უფრო ზოგადად კი, პარტიები ძალიან ხშირად მისდევენ პოლიტიკას, რომელშიც მეორე მხარესთან ბრძოლა საზოგადოების სამსახურზე წინ ინაცვლებს. თუ ეს არ შეჩერდება, ეს იქნება ბრძოლა ჩაძირულ გემზე. ამას ვამბობ მე, როგორც გარე დამკვირვებელი. დემოკრატია არ არის ის, რასაც აკეთებ ევროკავშირის ან შეერთებული შტატების მოსაწონებლად, არც კრემლში ხალხის გასაღიზიანებლად და მათ გულში შიშის გასაღვივებლად. თქვენ ამას აკეთებთ საკუთარი კეთილდღეობისთვის, როგორც ერი – და იმიტომ, რომ თქვენ მისი ისტორიის წინაშე გაქვთ ვალდებულება“, – განაცხადა ელჩმა.

ელჩის სიტყვით გამოსვლას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მსგავსი სტატიები