ნიკოლ ფაშინიანი – გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობას

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ დღეს 16 საათზე თავის მხარდასაჭერ აქციას, თავადაც დაესწრება.

“დღეს 16:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გამოვალ. მანამდე შეიკრიბეთ მოედანზე. პოლიცია და სხვა ორგანოები უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის სამხედრო გენერალური შტაბის განცხადებას, დაუყოვნებლივ გადადგეს მთავრობა და პრემიერი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.

25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.

„გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მოგიწოდებთ ყველა მხარდამჭერს, გამოხვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე დაუყოვნებლივ“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკის გვერდზე .

გენერალური შტაბის განცხადებას წინ უძღოდა ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის დათხოვნა.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში. არმია ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით, ისევე როგორც ხალხი არმიის გვერდით“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მსგავსი სტატიები