შეზღუდვების მოხსნის ახალი გეგმა – ნახეთ სრული ჩამონათვალი თარიღების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს, რომელი შეზღუდვები იხსნება საქართველოში:

• სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

• სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

• საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;

• მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს;

• რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;

• ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

• რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარეტბის ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხირდან მკაცრად გაკონტროლდება;

• კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება პირველი მარტიდან;

• სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

• სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

• უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;

• სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

• მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან;

• თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) პირველი აპრილიდან;

• არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

„საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სტატიები