შესაძლოა, “ასტრაზენეკამ” “ფაიზერს” დაასწროს – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს მხარეს “ფაიზერმა” გამოუგზავნა დამატებითი მოთხოვნების წერილი, სადაც დაზუსტებულია “ცივი ჯაჭვის” პირობები.

გაბუნიას თქმით, მიმდინარე კვირაში დეტალები დაზუსტდება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, შესაძლებელია “ასტრაზენეკა” უფრო მალე შემოვიდეს ქვეყანაში. თამარ გაბუნიას განმარტებით, “ფაიზერმა” გამოგზავნა დამატებითი მოთხოვნების წერილი, სადაც დაზუსტებულია “ცივი ჯაჭვის” პირობები – დეტალური ინსტრუქცია, როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის ტრანსპორტირება აეროპორტიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრამდე. თამარ გაბუნიას თქმით, “ასტრაზენეკას” შემთხვევაში UNICEF-ის მექანიზმს გამოიყენებენ. 

“ჩვენი რეგიონის 4 ქვეყანა იყო ამ პირველი მოწოდების რიგში. ეს არის ერთიანი, უნივერსალური მექანიზმი, რომელიც ერთნაირად მოქმედებს ყველა ქვეყნისთვის, ამდენად ეს მთლიანად გადავადდა გარკვეული პერიოდით. ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში ყველა ეს დეტალი დაზუსტდება, ხელი მოეწერება პასუხისმგებლობების გადაზღვევის ხელშეკრულებას. ასევე იმ დამატებით წერილს, რომელშიც დაზუსტებულია მოწოდების პირობები” – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება 150 000 დოზას, მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან პროცედურები დასრულებულია და ხელისუფლება ელოდება ფორმალურ პროცედურებს, რომ გადაიხადონ თანხა და “ასტრაზენეკას” ვაქცინების მიწოდება დაიწყება. 

 “რაც შეეხება კოვაქსს, ამაზეც, როგორც მოგახსენეთ, მაქსიმალური რაოდენობა, რაც ჩვენ პირველ კვარტალში გვაქვს შეპირებული, რომ მივიღოთ – ეს არის 315 000 დოზა და ახლა ზუსტდება ამ 315 000 დოზის მოწოდების დეტალები და მე ვფიქრობ, რომ მომავალ კვირას ჩვენ გვექნება უფრო მეტი დეტალი იმ დონეზე, რომ ვიცოდეთ, საიდან ჩამოდის, როდის ჩამოდის, რა საჰაერო გზით და როდის გვექნება მისი მიღების საშუალება.

შესაძლებელია, “ასტრაზენეკამ” დაასწროს, ეს ვაქცინები ერთნაირ პროცესშია სამივე მიმართულებით. ვგულისხმობ ორი წყარო – “ასტრაზენეკასი” და “ფაიზერის”. შესაძლოა ასტრაზენეკა იყოს უფრო მალე. აქ არის საუბარი, ალბათ, 1-კვირიან განსხვავებაზე,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სტატიები