აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი სულ მცირე 250 ადამიანს წაუყენეს

აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი სულ მცირე 250 ადამიანს წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი სასამართლო ჩანაწერებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც CNN-ი აღნიშნავს, ბრალდებულები აშშ-ის 40 შტატსა და კოლუმბიის ოლქში ცხოვრობენ.

ბრალდებულთა უმეტესობას ბრალი შეთქმულებაში, სამოქალაქო არეულობის დროს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლასა და კონგრესის მუშაობის შეფერხებაში ედებათ.

აღსანიშნავია, რომ დღეს აშშ-ის სენატში კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე მოწმეების დაკითხვა გაიმართება. აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტი კაპიტოლიუმის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს გამოკითხავს.

6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

მსგავსი სტატიები