თუ ბრალდებულს აქვს დასწრების სურვილი, გამოცხადდეს შესვენება და ნიკა მელია დაესწროს პროცესს – პროკურორი

თუ ბრალდებულს აქვს სურვილი დასწრების, გამოცხადდეს შესვენება და ბრალდებული ნიკა მელია დაესწროს პროცესს, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

ადვოკატების განცხადებით კი, სხდომათა დარბაზიდან გაძევებული ბრალდებული პროცესზე დასწრების შუამდგომლობით მიმართავს თუ არა სასამართლოს, ეს მისი ექსკლუზიური უფლებაა.

„მეხუთედ მოგვიწოდებთ ნიკა მელიას სასამართლოში დასწრების მოთხოვნა ვიშუამდგომლოთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ის პროცესიდან გაძევებულია, დააყენეთ თუ არა შუამდგომლობა მისი დარბაზში დაბრუნებასთან დაკავშირებით?”- მიმართა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროკურორს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურორმა განაცხადა, რომ დაცვის მხარეს წინა პროცესზე, განემარტა სასამართლოს მხრიდან, რომ ნიკა მელია გაძევებულია და დაფიქსირდა პოზიცია, რომ მას სხდომაზე დასწრება არ სურს.

ადვოკატების განმარტებით კი, ის ფაქტი, რომ ნიკა მელია სხდომიდან გაძევებულია და ის სასამართლო პროცესებს არ ესწრება, არ შეიძლება ბრალდებულის მხრიდან შესაძლო მიმალვის საფრთხედ ჩაითვალოს.

დაცვის მხარის თქმითვე, ვიდრე სასამართლო მელიას გაძევების გადაწყვეტილებას მიიღებდა, პრეცედენტი არ ყოფილა, რომ ის სასამართლოში არ გამოცხადებულიყო და მართლმსაჯულება შეფერხებულიყო.

უფლებადამცველების თქმითვე, ბრალდებულის ექსკლუზიური უფლებაა, როდის დააყენებს ის შუამდგომლობას სასამართლოში დასწრებაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურორმა განაცხადა, რომ მას შთაბეჭდილება რჩება, რასაც ის საუბრობს, დაცვის მხარე ვერ იგებს. პროკურორმა განმარტა, რომ მიმალვის საფრთხედ მათ მელიას სხდომათა დარბაზში არყოფნა არ მოუყვანიათ არგუმენტად. პროკურორის განმატებით, ეს ფაქტი ბრალდებულის დამოკიდებულების ილუსტრაციაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ. სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია.

მსგავსი სტატიები