რესტორატორთა ასოციაცია – მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება მისაღებია, ყინული დაძრულია

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის ერთგვარი შვებაა, – ამის შესახებ რესტორანთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კვების ობიექტებთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ის არ არის, რასაც ითხოვდნენ.

„დღევანდელი გადაწყვეტილება მისაღებია და ყინული დაძრულია. იმ ურთულეს სიტუაციაში, სადაც დღეს ბიზნესი იმყოფება, ეს გარკვეულწილად არის შვება. პირველ რიგში, მისასალმებელია ტრანსპორტის გახსნა.

რაც შეეხება უშუალოდ სტუმარ-მასპინძლობის სფეროს და კვების ობიექტებს, ეს ის გამოსავალი არ არის, რასაც ჩვენ ვითხოვდით, მაგრამ გარკვეულწილად ზოგიერთი ოპერატორისთვის ეს მიღწეული ნაბიჯია“- აღნიშნა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება 6 თებერვალს რესტორნების მიერ დაანონსებულ თვითნებურად გახსნას, ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებენ.

„რაც შეეხება შაბათის აქციას, შევიკრიბებით საღამოს და განვაცხადებთ შემდეგ გადაწყვეტილებას. ეს ხომ პირველი ნაბიჯია, დღეს მე არ მოველოდი, რომ გაიხსნებოდა ყველაფერი და მივიღებდით ამ შედეგს. შემდეგი ნაბიჯებისთვის კონსულტაციებს გავაგრძელებთ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მსგავსი სტატიები