ლევან ხაბეიშვილი – ველოდებით შეთანხმებას რიგგარეშე ვადამდელ არჩევნებზ

დღეს, საქართველოს პარლამენტში შალვა ნათელაშვილისთვის და ლევან ხაბეიშვილისთვის მანდატების შეჩერების საკითხს განიხილავენ. 

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, ქვეყნის რიგგარეშე ვადამდელი არჩევნების მოლოდინშია.

მისი აზრით, ქვეყანაში ადამიანს კონსტიტუციური უფლება აქვს ჩამორთმეული, რაც განაპირობებს იმას, რომ ქართული პოლიტიკის წარმოებას აზრი ეკარგება.

„კარგი იქნებოდა, აქამდე დაეკმაყოფილებინათ, რატომ აკეთებენ იმას, რომ კანონის შესაბამისად არ იქცევიან და ამ უფლებამოსილებას არ წყვეტენ, ეს არის საკითხავი. რაც შეეხება, მათ გადაწყვეტილებას, ისინი შეაჩერებენ ამ უფლებამოსილებას თუ არ შეაჩერებენ, ან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვფიქრობ, ნაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ ეს არის ერთპარტიული პარლამენტი, ამ პარლამენტს პარლამენტის გარდა ყველაფერი ჰქვია, უფრო შეგვიძლია დავარქვათ ქართული ოცნების ოფისი.

ჩვენ ველოდებით შეთანხმებას რიგგარეშე ვადამდელ არჩევნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი ეკარგება ქვეყანაში პოლიტიკის წარმოებას მარტივი რამის გამო – კონსტიტუციური უფლება ადამიანებს აქვს ჩამორთმეული, შესაბამისად, ხალხი არჩევანს ამ პირობებში ვერასდროს გააკეთებს.“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღეს, 6 საათზე ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც მხოლოდ 2 დეპუტატის, შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავენ. რაც შეეხება, დანარჩენ 49 ოპოზიციონერს, მათი მანდატების და უფლებამოსილების შეჩერების საკითხი ხვალ გავა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საბოლოოდ კი პლენარულ სხდომაზე 2 თებერვალს გავა საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების თობაზე.

მსგავსი სტატიები