სენატმა ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა

სენატმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი ბლინკენი დაამტკიცა. CNN-ის ინფორმაციით, მას ხმა 78-მა სენატორმა მისცა, 22 წინააღმდეგი იყო.

ბლინკენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მუშაობდა. გარდა ამისა, ის ბაიდენის მრჩეველიც იყო. აღნიშნულ პოსტზე მის წარდგენასთან დაკავშირებით ამერიკულ მედიაში დიდი ხანი საუბრობდნენ.

როგორც The Guardian წერს ბაიდენმა სახელმწიფო მდივნად და ქვეყნის მთავარ დიპლომატად მისი დიდი ხნის მრჩეველი წარადგინა, რადგან მისი ადმინისტრაცია ცდილობს, აღადგინოს ურთიერთობა მოკავშირე ქვეყნებთან, რომელიც ტრამპმა დააზიანა.

ბლინკენის განცხადებით, თუ საქართველო NATO-ს წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მაშინ NATO-ს კარი ქვეყნისთვის ღია უნდა დარჩეს. ამის შესახებ მან სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე ისაუბრა.

ერთ-ერთი სენატორის ჩაკითხვას კი, რომ საქართველოს NATO-ს წევრობა რუსეთთან ომს გამოიწვევდა, ბლინკენმა უპასუხა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც წევრები არ არიან.

მსგავსი სტატიები