არჩილ თალაკვაძე – ჩვენი და „მოქალაქეების“ პოზიცია საარჩევნო რეფორმაზე იმდენად დაახლოებულია, შესაძლოა, პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია

პოზიციები საარჩევნო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, რომ ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს პოზიტიური შედეგით, ვგულისხმობ, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების სურვილია, რომ ხალხის არჩევანი სრულად აისახოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება შედგება და აღნიშნა, რომ შეთანხმების სივრცე ღია იქნება სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს და ჩვენი სურვილი არის, რომ ხალხის არჩევანი სრულად აისახოს პარლამენტში. სწორედ ამ მიზნით, დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოზიციები საარჩევნო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, რომ ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით, ვგულისმხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მუშაობას დეტალებთან დაკავშირებით, დავაზუსტებთ კიდევ რამდენიმე დეტალს. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკების ფარგლებში კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა,“- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, განიხილება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის დაწევის საკითხი, ასევე არჩევნების პროცესში ტექნოლოგიებისა და სხვა რეგულაციების დანერგვა.

„მე შემიძლია გითხრათ ის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება. მოგეხსენებათ, ეს არის, პირველ რიგში, ბარიერის დაწევის საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს არის უფრო დაზუსტებული რეგულაციები საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, ეს არის ახალი ტექნოლოგიების შემოტანა საარჩევნო პროცესში, როგორიც არის, მაგალითად, ელექტრონული მთვლელების გამოყენება და როგორიც არის, მაგალითად, თითის ანაბეჭდებით რეგისტრაცია. სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ეხება, რა თქმა უნდა, ცესკო-ს დაკომპლექტების წესს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობს და პარლამენტში შესულია, იყოს იქ წარმოდგენილი. სხვა არაერთი საკითხი დგას დღის წესრიგში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოლაპარაკების შედეგად ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც, ვისაც მიაჩნია, რომ ის სამართლიანი პირობები, რაც, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიები გადავამოწმოთ ერთად საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პარლამენტში და მეორე, თვითმმართველობის არჩევნებს შევხვდეთ კიდევ უფრო გაუმჯობესებული კანონმდებლობით, კიდევ უფრო უკეთეს გარემოში,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები