პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება დაასრულა

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა. ამის შესახებ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარიმართება.

ამასთან, ამირან გულუაშვილის თქმით, 1937-1938 წლების ერთი 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისათვის ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედებების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა.

საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარიმართება. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში ასეულობით საგამოძიებო საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა 100-მდე პირი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იყო საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალა.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 1937-1938 წლების ერთი 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში“, – აცხადებს პროკურორი.

მისივე თქმით, დასახელებული რუკა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საკუთრებას.

„ნაცვლად ბრალდებულის კაბინეტისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში. საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით.

საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970 და 1980-იან წლებში გამოცემულ ერთი 100-იანი და ერთი 50 ათასიანი მასშტაბის რუკებზე საზღვრის ხაზს, რომელიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასოდეს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენ ისტორიულ საზღვრებთან“, – აცხადებს პროკურორი.

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი სტატიები