კახა კალაძე: მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ

თბილისის მერი, კახა კალაძე გუშინ, მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში ნაგვის ურნები დამონტაჟდა.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია სიცრუეა და არ არის არც მერიის და არც გამგეობის პროექტი.

„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია. ავრცელებდნენ გოგებაშვილის ქუჩის ფოტომასალას და ადანაშაულებდნენ დედაქალაქის მერიას და მერს, რომ საერთოდ რაზე ვფიქრობთ და რა პროექტებს ვახორციელებთ თურმე. საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს სკამებზე ჩავდგით სანაგვე ურნები. ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტყუილი და სიცრუეა. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას – ეს არ არის არც მერიის და არც გამგეობის პროექტი. ეს არის ორი კარგი ადამიანის მიერ გაკეთებული პროექტი, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი. ამ ორმა ახალგაზრდამ, ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში იჯარით აიღო ფართი, სადაც რესტორანს აკეთებენ. სამუშაოები დამთავრებული აქვთ და ელოდებიან, როდის იქნება შესაძლებელი, ამ პანდემიის პირობებში გაიხსნან რესტორნები და დარწმუნებული ვარ, 1-ლი თებერვლიდან ეს ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება. ამ ორმა ახალგაზრდამ, მოწესრიგების თვალსაზრისით განათავსა ეს მოსასვენებელი სკამები, რომელსაც დამონტაჟებული აქვს საყვავილეები. პირველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რა სისულელე მოიგონა დედაქალაქის მერიამ და მერმა, არ ეყოფათ ჭავჭავაძეზე რაც გააკეთესო? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ. ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება და განვითარება, თავისი მიწისქვეშა ურნებით. აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო? ვიზუალურ მხარეზე საერთოდ არ ვსაუბრობ. ჰკითხეთ ვაკეში მცხოვრებ ადამიანებს, მოსწონთ თუ არა, მაგრამ თქვენ, მხედველობაში მაქვს ოპონენტები და ის სამარცხვინო ტელევიზიები, რომლებიც ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ხართ დაკავებული, გინდათ, ყველაფერი კარგი ცუდად წარმოაჩინოთ. მშენებლობები ნგრევად გინდათ წარმოაჩინოთ, კარგი გაკეთებული საქმეები ცუდად გინდათ წარმოაჩინოთ, დახმარება არადახმარებად და ა.შ. ჩვენ არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება მოატყუოთ და შეცდომაში შეიყვანოთ. ჩვენ იმიტომ ვართ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. ერთი მხრივ, კარგია, საზოგადოება რეალურად ხედავს – ვინ ვინ არის და ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ მაქსიმალური ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი სტატიები