ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დონალდ ტრამპი ვაშინგტონს დატოვებს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში წასვლას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ტრამპთან ერთად ფლორიდაში თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რამდენიმე წევრიც გაემგზავრება. მასთან ახლოს იცხოვრებს ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომელიც ასევე ტრამპის გუნდში შედის. ასევე ტრამპი ფლორიდაში პირად მდივანს ნიკ ლუნს, მდივნის თანაშემწეს და აპარატის რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს წაიყვანს. რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. აშშ-ის კონსტიტუცია ყოფილ პრეზიდენტს ინაუგურაციაზე დასწრებას არ ავალდებულებს, თუმცა, ტრადიციულად, ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის მომავალი ლიდერის ინაუგურაციას ესწრება, რაც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ნიშანია. დონალდ ტრამპი დღემდე აცხადებს, რომ 3 ნოემბრის არჩევნები, რომლებშიც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, გაყალბდა და მას არჩევნებში გამარჯვება მოპარეს.

მსგავსი სტატიები