დავით გარეჯის საქმეზე გელა ბეჟუაშვილის ყოფილ მოადგილეს, გიორგი მანჯგალაძეს განმეორებით კითხავენ

დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში განმეორებით კითხავენ სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილ თავმჯდომარესა და საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გელა ბეჟუაშვილის ყოფილ მოადგილეს, გიორგი მანჯგალაძეს.

საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მან კომენტარი არ გააკეთა. მანჯგალაძის თქმით, შეკითხვებს გამომძიებლების წინაშე უპასუხებს.

სხვა ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის მცდელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გიორგი მანჯგალაძე რამდენიმე თვის წინ, 2020 წლის ოქტომბერში გამოიკითხა. ის პროკურატურაში ადვოკატის გარეშე შევიდა. უცნობია, რატომ გახდა საჭირო მანჯგალაძის განმეორებით გამოკითხვა.

7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.