ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდება

რუსი ოპოზიცონერი და პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ 17 იანვარს მოსკოვში ბრუნდება.

ნავალნი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მიუხედავად მის წინააღმდეგ აღძრული საქმეებისა და მოსალოდნელი პატიმრობისა, მისთვის სამშობლოში დაბრუნების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს მდგარა.

„მე გადავრჩი. ახლა კი პუტინი, რომლემაც ჩემი მკვლელობის ბრძანება გასცა, ყვირის თავის ბუნკერში და უბრძანებს თავის მსახურებს, გააკეთოს ყველაფერი, რათა მე არ დავბრუნდე. მსახურები კი ისე იქცევიან, როგორც ყოველთვის: თხზავენ ახალ საქმეებს ჩემ სინააღმდეგ.

ისინი რას აკეთებენ, მე არ მაინტერესებს. რუსეთი ჩემი ქვეყანაა, მოსკოვი – ჩემი ქალაქი. მე ისინი მენატრებიან. ამიტომ დღეს შევედი კომპანია „პობედა-ს“ საიტზე და ვიყიდე ბილეთები. 17 იანვარს, კვირას, მე დავბრუნები სახლში „პობედა-ს“ [რუსულად გამარჯვება] რეისით. დამხვდით,“ – ნათქვამია ნავალნის განცხადებაში.

რუსეთში ნავალნის წინააღმდეგ მართლაც არის აღძრული საქმეები, ერთ-ერთის თანახმად, პროკურატურა მას 4.8$ მილიონის უკანონოდ დაუფლებას ედავება.

მანამდე კი რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნს ულტიმატუმი წაუყენა: სასწრაფოდ დაბრუნდეს გერმანიიდან და 29 დეკემბრის დილას მოსკოვში გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ამის შემდეგ მოინდომებს ქვეყანაში დაბრუნებას, პატიმრობა დაემუქრება.