ირაკლი შოთაძე – პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს

ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული, რაც აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის ზრდაში და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაღალ მაჩვენებლებში, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის უწყების საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.  

მისი თქმით, პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს და უარს ამბობს ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე. ასევე გაზრდილია ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რაც წინა წლებთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგდა. 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4 633 პირის მიმართ დაიწყო.

გაზრდილია პროკურორთა მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 2020 წელს სასამართლოში წარდგენილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობებიდან 94% პატიმრობის მოთხოვნა იყო. 

“2020 წელს, სპეციალიზებული პროკურორების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში აქტიურად ხდებოდა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა 2017 წელს 25 ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა, 2018 წელს – 111, ხოლო 2019 წელს – 120 ბრალდებულის მიმართ. 2020 წლის მონაცემებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 178 ბრალდებულის მიმართ, ხოლო 184 ქალი დაზარალებულად იქნა ცნობილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი პირველად გამოიკვეთა ქალთა მკვლელობის საქმეებში” – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

როგორც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, სისხლის სამართალწარმოების პროცესში მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, მათი მხარდაჭერის, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, გაიზარდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები და იგი უკვე პროცესის მონაწილეს წარმოადგენს.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის  2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.