2021 წლის პირველი იანვრიდან პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკისთვის 25 ლარით გაიზრდება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მომდევნო წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 5 მილიარდ 563 მილიონი ლარი, საიდანაც 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და კომპენსაციებისთვის.

„ამ თანხაში მოიაზრება როგორც მიმდინარე წელს გაზრდილი პენსიის დაფინანსება, ასევე ინდექსაციის შესაბამისად, პენსიების ზრდა მომდევნო წლის იანვრიდან. კერძოდ, 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკისთვის კი – 25 ლარით,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მიიმართება 930 მილიონ ლარამდე, პანდემიასთან დაკავშირებულ ხარჯებზე გათვალისწინებულია 710 მილიონ ლარამდე, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 800 მილიონ ლარს.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პროგრამაზე დამატებითი რესურსების გამოყოფით, შესაძლებელი გახდა მომსახურების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან შემცირებულიყო 2 თვემდე, რაც პანდემიის პირობებში, კლინიკებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოჩნდა,“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ისაუბრა დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხზე და აღნიშნა, რომ დევნილთა სახლების მშენებლობა/შესყიდვაზე გათვალისწინებულია 65 მილიონი ლარი. ამავე მიმართულებით, 30 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში.