მამუკა მდინარაძე ტარიფის სუბსიდირებაზე – დღესვე ავსახოთ ციფრები ბიუჯეტის პროექტში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირების საკითხი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დღესვე უნდა აისახოს.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, მოქალაქეებს ბიუჯეტში უნდა ჰქონდეთ გაწერილი გარანტია, რომ ტარიფებს შორის სხვაობა დაუსიბსიდირდებათ.

მისი თქმით, ბიუჯეტში, რომელსაც კენჭი ეყრება, გათვალისწინებული უნდა იყოს სუბსიდირების ნაწილიც. დეპუტატი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რის ხარჯზე მოხდება ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირება.

„ეს პროექტის დამტკიცებამდე დაზუსტდება. არ იყო სიურპრიზი, რომ ტარიფის გადახედვა მოხდებოდა. თქვენ იცით, რომ სამი წლის განმავლობაში ტარიფი არ იყო გადახედილი. მოგეხსენებათ, ეს ვალდებულებაა და დღეს უკვე ახალი ტარიფები გამოცხადდა, რასთან დაკავშირებითაც გამოცხადდა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ დასუბსიდირდება ტარიფებს შორის სხვაობა იმისათვის, რომ ეს მოქალაქეებს ტვირთად არ დააწვეთ.

დასუბსიდირება შეეხება 300 კვტ-მდე. როგორც აღმოჩნდა, აბონენტების 90 პროცენტამდე 300 კვტ-ზე ნაკლებს მოიხმარენ და ეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. ასევე, სოციალურად დაუცველზე დასუბსიდირდება სხვაობა წყლის ტარიფების, აგრეთვე პირველადი მოხმარების პროდუქტების, რომ აქაც მოქალაქის ინტერესი იყოს გათვალისწინებული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.