გიორგი გახარია – “ველით ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას, თუმცა გაზრდილ საფასურს მთავრობა დაასუბსიდირებს”

„მიმდინარეობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა და ველოდებით, რომ ელექტროენერგიის ტარიფი იქნება გაზრდილი. ამას თავისი ახსნა აქვს. მოგეხსენებათ, რომ 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც ტარიფი არ გადახედილა. ამიტომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდნელია ტარიფის ზრდა, ისევე როგორც წყალზე, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში“, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, მთავრობა 2021 წელს ტარიფებს შორის სხვაობას დაასუბსიდირებს.

„როდესაც, თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო, ელექტროენერგიაზე ტარიფი იზრდება, ეს ჩვენთვის არის ახალი გამოწვევა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უნდა უპასუხოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით, რამდენით გაიზრდება ტარიფი, ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა სხვაობას დღევანდელ და ახალ ტარიფს შორის სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატ საათამდე მოხმარების აბონენტებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მან განმარტა, მთავრობა ასევე დაასუბსიდირებს წყლის გაზრდილი ტარიფით შექმნილ სხვაობას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის.