ვახტანგ გომელაური – ოპონენტები ხშირად ამბობენ, თითქოს ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული

გასულ წელთან შედარებით 2020 წელს დანაშაული 10%-ით არის შემცირებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, არის მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც საზოგადოებას ინფორმაცია ყოველთვიურად მიეწოდება.

„მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ 8,5 პროცენტით, მკვლელობამ 11 პროცენტით იმატა, რაც 7 – ერთეულით მეტია. იცით, რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა.

მისი თქმით, 2020 წლის სტატისტიკასთნ დაკავშირებით, ოპონენტების განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„რაც შეეხება 2020 წლის დანაშაულის სტატისტიკას, ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ:
• ყაჩაღობა -42%
• გამოძალვა -34%
• ძარცვა -25%
• ქურდობა -12%
• შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები -22%.
• მკვლელობის მცდელობა -5%“, – განაცხადა შს მინისტრმა.