შსს: ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული ე.მ. ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თანასოფლელს – თ.პ.-ს იარაღის მუქარით ავტომობილი გასტაცა და ქობულეთის მიმართულებით გაემართა. ე.მ.-მ ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაცნობი – 1968 წელს დაბადებული ვ.ვ., წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, თანნაქონი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.