აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.

„ძალიან გაკვირვებული ვარ მე, რომ დღეს ასე გადაწყდა და გამოგვიშვეს გირაო 10 000 ლარის შეფარდებით. ჩემში სამართლისადმი იმედის ნაპერწალმა გაიელვა, რომ შესაძლებელია ამ ქვეყანაში სამართლის მიღწევა. მინდა მადლობა გადავუხადო მოსამართლეს, დარწმუნებული ვარ, დიდ წნეხში იქნებოდა, იმ აბსურდული ბრალდებით რომ გაეგრძელებინათ აღკვეთის ღონისძიება“, – აღნიშნა აკაკი კობალაძემ. 

ხუსკივაძესა და კობალაძეს პატიმრობა 9 ნოემბერს შეეფარდათ. პროკურატურის ვერსიით, 6 ნოემბერს ბრალდებულები ნაციონალური მოძრაობის სახელით შეხვდენენ თედო გობეჯიშვილს და 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება შესთავაზეს. ასევე, უთხრეს მას, რომ არჩევნების გაყალბების თაობაზე მედიასთან განცხადება გაკეთებინა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.