ვლინდება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული – ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის საკითხი მერიამ პროკურატურას გადასცა

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გენერალური პროკურატურა მოკვლევას ჩაატარებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების განახლებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები აწარმოა, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და მიმდინარეობს შუქნიშნების მონტაჟი.

„ხიზანიშვილის ქუჩაზე იყო გარკვეული პრობლემები. მაშინ, შიდა აუდიტის სამსახურს დავავალე, რომ განეხორციელებინა მოკვლევა, თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. სრული მოკვლევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, დადგინდა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში სერიოზული ხარვეზები და პრობლემების მთელი ჯაჭვი იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიზანიშვილის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე გზის საფარი ჩაიწია, რის გამოც, დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით, 85 000 ლარით დაზარალდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შედგენილი დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის, გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება.