ნათია თურნავა – იწყება სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება, რომლითაც რესტორნები, კინოთეატრები და ივენთკომპანიები ისარგებლებენ

მთავრობა რესტორნებს სესხის და ლიზინგის პროცენტს დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ვიმსჯელეთ და დავამტკიცეთ რამდენიმე ცვლილება აწარმოე საქართველოს პროგრამის რამდენიმე კომპონენტში. პირველი მოიცავს რესტორნების ინდუსტრიას. როგორც ჩვენ გვქონდა აქამდე გაცხადებული, რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას, ეს არის სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება, განაცხადების მიღება დაიწყება ხვალ, რადგან სარესტორნე ინდუსტრია პანდემიის პირობებში არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და გვინდა მაქსიმალურად სწრაფად შევუმსუბუქოთ საბანკო სესხების ტვირთი”, — განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, განცხადებების მიღება სესხის სუბსიდირების თაობაზე ხვალიდან დაიწყება.
“ხვალიდან დავიწყებთ ბანკებიდან განაცხადების მიღებას, მოვუწოდებთ რესტორნებს, რომ აქტიურად მიაკითხონ თავის კრედიტორ ბანკებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკულად, სრულად საბანკო სესხის პროცენტის ტვირთი უახლოეს 6 თვეში ამას ვერ იგრძნობენ. ეს ის მოთხოვნა იყო, რასაც ჩვენთან აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია და საბოლოო ჯამში, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება “, — განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, სულ მცირე 1500-მდე რესტორანი შეძლებს ამ დახმარებით სარგებლობას.
„ეს არის საკმაოდ მასშტაბური, მოცულობითი კომპონენტი. 400 მილიონი ლარის სასესხო პორტფელია. მომსახურებაში ჩვენ ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ რესტორნებს. დაახლოებით, ვვარაუდობთ, რომ 6 თვის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ბიუჯეტი იქნება ამისთვის საჭირო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველამ უნდა იცოდეს რა მოცულობის დახმარებას უწევს სახელმწიფო კონკრეტულად სარესტორნე ინდუსტრიას. სულ მცირე, 1500-მდე ორგანიზაცია, რესტორანი შეძლებს, რომ ისარგებლოს ამ დახმარებით“, – განაცხადა თურნავამ.