რა იქნება 2021 წლის ბიუჯეტში მთავრობის პრიორიტეტი —პრემიერის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პარლამენტისთვის წარდგენილი 2021 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, ბიუჯეტის ძირითადი მიზანია პანდემიასთან ბრძოლა, ასევე, მოსახლეობისა და ბიზნესისთვის მიზნობრივი დახმარების გაწევა და პოსტკრიზისული პერიოდისთვის ეკონომიკის მომზადება.
“მოგეხსენებათ, გამოვაცხადეთ მოსახლეობისა და ბიზნესის სოციალური მიზნობრივი მხარდაჭერისა და ბიზნესის მხარდაჭერის მე-4 ტალღა, რომლიც ძირითადი მოცულობა 1 მლრდ 420 მილიონი ლარია, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 000 000, ხოლო დანარჩენი 1 მლრდ 140 მლნ2021 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული”, — განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ამ ციფრების ძირითადი მიმართულება, პირველ რიგში, ჯანდაცვის მხარდაჭერაა. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ბიუჯეტში დამატებით 450 000 000 ლარი განისაზღვრება, რომლის ძირითადი ხარჯები კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია, ასევე, ვაქცინების შესყიდვა და ვირუსის გავრცელების პრევენცია იქნება.
“მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 000 000, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 000 000 ლარი. მომავალი წლის ბიუჯეტში, ასევე, განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად საკანონმდებლო დონეზე არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე ლოდინი პენსიის ზრდისთვის”, — აღნიშნა მან.
გახარიას განცხადებით, საკმაოდ სერიოზული თანხებია გათვალისწინებული დევნილების საცხოვრებელი ფართების მშენებლობისთვის და ეს 103 000 000 ლარი გახლავთ. მისივე თქმით, კოვიდის პირობებში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაც 4 მილიარდ ლარზე მეტით იზრდება. გახარია ამბობს, რომ განათლების, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების დაფინანსებაც გაიზრდება.