საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საქმეზე გელა ბეჟუაშვილს გამოკითხავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურაში მოწმის სახითაა დაბარებული, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისცემს ჩვენებას. ბეჟუაშვილი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილთან ერთად მივიდა.
როგორც ბეჟუაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, კომენტარს გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას კი ადვოკატები გაასაჩივრებენ.
წარდგენილი ბრალდებების დაუსაბუთებლობაზე საუბრობს “ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი”.
“სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, პატიმრობა გაახანგრძლივა, რაც ჩემი აზრით, სამართლებრივად და კანონიერად არასწორია. დღეს ჩავიბარებთ ამ გადაწყვეტილებას და აუცილებლად გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციებში. იმედს ვიტოვებთ, რომ ზემდგომი დისტანციის სასამართლო ამ საქმეს უფრო ხარისხიანად შეხედავს და უკანონო პატიმრობაში მყოფებს გაათავისუფლებს. არ არსებობდა სტანდარტი, რომ ისინი პატიმრობაში დარჩენილიყვნენ და უფრო მეტიც, ჩვენ წარვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ის რუკებიც რომლის თითქოს არ გამოყენებასაც ედავებიან ბრალდებულებს, შინაარსობრივად უხარისხოა,” – აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი სულხან კომახიძე.