საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით 8598 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული

„კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად, წელს აივ ტესტირების მსურველთა რაოდენობა შემცირდა, რამაც გამოვლენის მაჩვენებლის შენცირება გამოიწვია, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსისი ცენტრის განცხადებაში, რომელსაც ცენტრი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან, პირველ დეკემბერთან დაკავშირებით ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 2020 წლის თემაა „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა“.
საქართველო უკვე 29-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. COVID-19 პანდემიამ, ისევე, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც გამოავლინა ჩვენს საზოგადოებაში არსებული მრავალი პრობლემა. მნიშვნელოვანია COVID-19 პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ყველაზე მტკივნეულად აისხა საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის აივ/შიდსით მცხოვრებ ადამიანებზე.
„დღეს, აივ/შიდსის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხის, დასრულება მრავალმხრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაამარცხებს მსოფლიო COVID-19 პანდემიას. ასე რომ, უნდა გავხდეთ ამ ორი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამონაწილე. შემოგვიერთდით და დავასრულოთ COVID-19 და შიდსის ეპიდემია საქართველოში! ეპიდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე შენი აივ სტატუსი და თუ ხარ აივ ინფიცირებული, დროულად დაიწყო მკურნალობა. დროულად დაწყებული მკურნალობა კი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია. ამიტომ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე კვლავ აქტუალურია და კვლავ შეახსენებს საზოგადოებას და მთავრობებს აივ/შიდსის პრობლემის შესახებ, რომელიც ისევ მწვავედ დგას და ტვირთად აწევს ადამიანებს, საზოგადოებას და ქვეყნებს. ჯერ ისევ კრიტიკულად მნიშვენელოვანია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაციის საკითხი აივ/შიდსთან ბრძოლის საქმეში, რათა მოხდეს: ცნობიერების ამაღლება აივ/შიდსის შესახებ; სტიგმის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა და აივ ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ნუ გადადებთ ხვალისთვის, ჩაიტარეთ აივ ტესტირება დღესვე!“, – ნათქვამია შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაცია საქართველოში:
2020 წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8598 აივ ინფიცირებული პირი, 6422 – კაცი, 2176 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, 1781 გარდაიცვალა.
30 ნოემბრის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5379 (4779 + 600 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.3 % – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.2 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.2 % – კაცები რომელთაც სექსი აქვთ კაცთან; 1.3 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია: თბილისში (3216 შემთხვევა); სამეგრელოში 1172; იმერეთში 1026; აჭარაში 980; აფხაზეთში (530); კახეთში (431); ქვემო ქართლში (489); შიდა ქართლში (319); გურიაში (183); სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.