ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „რემდესივირის“ მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში პრეპარატი საქართველოში იქნება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში, საქართველოში „რემდესივირი“ ხელმისაწვდომი იქნება.

მისი თქმით, თენგიზ ცერცვაძე უკვე დაუბრუნდა და უხელმძღვანელებს საკოორდინაციო საბჭოს და შეიმუშავებენ პროტოკოლს, როგორ და რა ფაზაში შეიძლება გამოიყენონ რემდესივირი.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ვიზიარებთ მათ გამოცდილებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციდან იყო მოწოდებული გარკვეული მოწოდებები, თუ როგორ უნდა გვეხელმძღვანელა ჩვენ რემდესივირის პროტოკოლში შეტანასთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა მსჯელობა. გავაფორმებთ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირაში რემდესივირი იქნება ადგილზე. ასევე, ბატონი თენგიზ ცერცვაძე უკვე დაუბრუნდა და უხელმძღვანელებს საბჭოს, რომელსაც ის პირველი დღიდან ხელმძღვანელობდა. ჩვენ გავაკეთებთ პროტოკოლს, როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება ის და შესაბამისად გახდება ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.