პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება 2021 წლის პირველ იანვრამდე შეჩერდა

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა პენიტენციურ სისტემაშიც. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 მარტის N4109 ბრძანებაში „პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ“ შევიდა ცვლილებები და განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის 1-ლ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვეული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების უფლება შეუჩერდათ მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე.

მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში.

შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს.