თბილისში სოციალურად დაუცველი მოხუცების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება.

როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მიზნისთვის დედაქალაქის მთავრობა ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს.

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვტილება – ჩვენ გამოვნახეთ საშუალება და გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი იმისთვის, რომ დავეხმაროთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პანდემიის პირველი ტალღის დროს ზუსტად ამ მიდგომებით მერია ძალიან ბევრ ოჯახს დაეხმარა.

„ხელი შევუწყვეთ იმისთვის, რომ მდგომარეობა მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა. შესაბამისად, ანალოგიურად იქნება ეს პლატფორმა და მომდევნო დღეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ საკვები პროდუქტების მიტანას მოხუცებულთათვის, რომლებიც რისკ-ჯგუფებში შედიან. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ პროდუქტები. აქედან გამომდინარე, ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა სარეზერვო ფონდიდან და ამ პროდუქტებს შევუძენთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა ბიზნესს, რომელსაც ინიციატივაში ჩართვა სურს, მერია ამის შესაძლებლობას მისცემს.

დედაქალაქის მერმა გამგეობებს მოუწოდა, დაიწყონ ამ პროგრამის განხორცილება.