ზაალ უდუმაშვილი – ვინმეს თუ ჰგონია, რომ „ლოკდაუნის“ გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება – ცდება

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ე.წ. ლოკდაუნის ფონზე, ოპოზიციის აქციები გაგრძელდება. უდუმაშვილის თქმით, პროტესტის სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ.

„ჩვენ სხვადასხვა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის აქციებსაც, სხვადასხვა ფორმით პროტესტს. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება და აღარ იქნება. ძალიან ცდება. დღეს და ამ დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ, როგორ შევხვდებით პარლამენტის პირველ სხდომას სხვადასხვა ვერსია იხილება და საბოლოოდ შევჯერდებით. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, იქნება მუდმივი პროტესტი. რა ფორმით და როგორ, ეს გამოჩნდება. განვიხილავთ მათ შორის მასშტაბურ აქციებსაც, შევხედავთ მდგომარეობიდან გამომდინარე. ვინაიდან ქვეყანაში საყოველთაო ლოკდაუნია, ტრანსპორტიც გაჩერებულია და ხალხის გადაადგილება ძალიან ჭირს, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ამ მასშტაბური ლოკდაუნის გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეს პანდემიის შეჩერებას ემსახურება. გვესმის ყველაფერი, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ქვეყანა არის უმძიმესი კატასტროფის წინაშე და მას სჭირდება ამ კრიზისიდან გამოყვანა“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესს, უდუმაშვილი აცხადებს, რომ მესამე რაუნდს მმართველი გუნდი დროში განზრახ აჭიანურებს.

„მესამე რაუნდის დროში გაწელვა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ბრალია. ხელისუფლება არ არის მზად, რომ შეხვდეს ოპოზიციას და მას კონკრეტული წინადადებები წარუდგინოს. ჩვენ ყოველდღე მზად ვართ და ხელისუფლების გადაწყვეტილებას ველოდებით“, – აღნიშნა მან.