ჯო ბაიდენი – ამერიკა დაბრუნდა – მსოფლიოში წამყვან როლს ვითამაშებთ

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზად იქნება, გლობალურ არენაზე კვლავ წამყვანი როლი შეასრულოს. არჩეულმა პრეზიდენტმა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წარდგენისას განაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა.

ამერიკა უკან არ დაიხევს. ამერიკა არ უარყოფს თავის მოკავშირეებს და დაიცავს თავის ღირებულებებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში აშშ მოწინააღმდეგეებს აღუდგება და ტრადიციულ მოკავშირეებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 20-მდე მსოფლიო ლიდერთან სატელეფონო საუბრისას ის გაოცებული დარჩა, თუ რამდენად ელოდებიან ისინი, რომ აშშ დაადასტურებს გლობალური ლიდერის თავის ისტორიულ როლს.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი წარადგინა. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ტონი ბლინკენია წარდგენილი, რომელიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო. ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იქნება. ბაიდენმა დაზვერვის სამსახურის უფროსად ავრილ ჰაინესი წარადგინა, რომელიც პირველი ქალი იქნება ამ თანამდებობაზე. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლად კი ჯეიკ სალივანი იმუშავებს. ასევე, ლინდა ტომას გრინფილდი გაერო-ში აშშ-ის ელჩად არის წარდგენილი