რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით არჩევითი ჯგუფების ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყება, ხოლო ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე მომავალი წლის გაზაფხულიდან იქნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დაამტკიცებს და დასტურს მისცემს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

„ჩვენ გაერთიანებული ვართ ე.წ. კოვაქს პლატფორმაში, რომელიც მუშაობს გავის ალიანსის ბაზაზე. გავის ალიანსი ვაქცინების გლობალური ალიანსია, რომელიც შექმნილია ამ საუკუნის დასაწყისში და ჩვენ მასთან 2001 წლიდან ვთანამშრომლობთ. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, ეს პლატფორმა შეისყიდის რამდენიმე ვაქცინას, რომელიც იქნება დამტკიცებული სამი ძლიერი მარეგულირებლის მიერ. ანუ, ეს იქნება „ოქსფორდის“, „ფაიზერის“, ან „მოდერნას“ ვაქცინა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოში პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება.

„პირველი ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი არის ჩემი კოლეგები. პირველ რიგში ყველგან სამედიცინო პერსონალი აიცრება. ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს სამედიცინო პერსონალის აცრას, რადგან ყველაზე მოწყვლადი ჩვენ ვართ. მეორე რისკ ჯგუფი იქნება ხანდაზმულები და სადაც არის სხვა თანმხლები დაავადებები. დანარჩენი კიდევ იქნება განხილული, როგორიც არის მოხუცთა სახლები, თავშესაფრები და ასე შემდეგ. თუმცა პირველ რიგში ყველაზე ქვეყანა მიმართავს სამედიცინო მუშაკების აცრას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
როგორც იგი ამბობს, ვაქცინის მწარმოებელ ორ კომპანიას, Pfizer-ისა და Moderna-ს ლოჯისტიკის გართულებული მექანიზმები აქვთ, რის გამოც ახალი ტიპის სამაცივრე დანადგარების შეძენა დაიწყეს. მისი განმარტებით, სხვა რიგითი ვაქცინები 2-დან 8 გრადუს ტემპერატურაზე ინახება. თუმცა, Pfizer-ის ვაქცინა, შეიძლება შენახვა-გადატანას -70-80 გრადუსზე დაექვემდებაროს, ხოლო Moderna-ს — -20 გრადუსზე.

მისივე თქმით, საქართველოს ამ ეტაპისთვის დაახლოებით 700 ათასი ადამიანისთვის აქვს შეკვეთილი ვაქცინა.

“ყველა ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად, სამი კვირის ან ოთხი კვირის გამოშვებით, ამიტომ საჭიროა 1 400 000 დოზა”, — განმარტა გამყრელიძემ და დაამატა, რომ ეს, დაახლოებით, 17 მილიონი დოლარი ჯდება, საიდანაც 4 მილიონის წინასწარი შენატანი უკვე გაკეთებულია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაქცინის მოსაპოვებლად ისინი ალტერნატიული გზებითაც მუშაობენ, ანუ სხვადასხვა კომპანიასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.