ამირან გამყრელიძე – კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და კიდევ გაგრძელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა არ იკლო და ქვეყანას 3 128 ახალი ინფიცირებული ჰყავს იმის გათვალისწინებით, რომ შაბათ კვირას და სადღესასწაულო დღეებში ტესტირების რაოდენობა მცირეა.

ინფიცირებულთა რაოდენობის კლება ჯერ არ არის. პირიქით, მატებაა და ეს მატება კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ პიკში. პიკი რამდენ ხანს გასტანს, არ ვიცით, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონის უნივერისტეტის გათვლებით, დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება როგორც სიკვდილიანობის, ასევე ინფიცირების ზრდის მიხედვით.

„მათი პროგნოზით, საქართველომ აუცილებელია გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება. ასევე დავამატოთ და გავაფართოვოთ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.