ჯანმო – ევროპა, შესაძლოა, კორონავირუსის მესამე ტალღის წინაშე აღმოჩნდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ნაბაროს განცხადებით, 2021 წლის დასაწყისში ევროპაში “კოვიდ-19”-ის მესამე ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან შვეიცარიულ მედიაკომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა.

ნაბაროს თქმით, თუ ევროპა აუცილებელ ინფრასტრუქტურას არ შექმნის, კორონავირუსის მესამე ტალღაც იქნება.

„ზაფხულის თვეებში, როდესაც პირველი ტალღა კონტროლის ქვეშ მოაქციეს, აუცილებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ვერ მოახერხეს. ახლა ჩვენ მეორე ტალღასთან გვაქვს საქმე. თუ ევროპა აუცილებელ ინფრასტრუქტურას არ შექმნის, მესამე ტალღაც გვექნება შემდეგი წლის დასაწყისში“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელბა დევიდ ნაბარომ.

ნაბარომ რეკომენდაციების დაცვის კუთხით მისაბაძ მაგალითად სამხრეთ კორეა მოიყვანა.
„ხალხი მთლიანად ჩართულია, ისინი ისე იქცევიან, რომ ვირუსისთვის საქმე გაართულონ, ისინი იცავენ დისტანციას, ატარებენ პირბადეებს, გადადიან იზოლაციაში, როდესაც ავად ხდებიან, იბანენ ხელებს და ასუფთავებენ ზედაპირებს. ისინი იცავენ მაღალი რისკის ჯგუფებს“, – განაცხადა ნაბარომ.

ევროპის ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევების დრამატული ზრდის პარალელურად, სამხრეთ აზიის ქვეყნებში, მაგალითად იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ინფიცირების შემთხვევები მცირეა.

მაგალითისთვის, იაპონიაში, სადაც მოსახლეობა 120 მლნ-ზე მეტია, გუშინ მხოლოდ 2 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 51-მილიონიან სამხრეთ კორეაში კი 386 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.