აშშ „ღია ცის შეთანხმებიდან“ ოფიციალურად გავიდა

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ღია ცის შეთანხმებიდან გასვლა დაადასტურა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიანმა.

რობერტ ო’ბრაიანის განცხადება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს “ტვიტერზე” გამოქვეყნდა.

“დღეს ექვსი თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა ღია ცის შეთანხმეებიდან გამოსვლის შესახებ. ამიერიდან, ჩვენ აღარ ვართ იმ შეთანხმების მხარე, რომელსაცც რუსეთი უხეშად არღვევდა წლების განმავლობაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზი რუსეთის მიერ ხელშეკრულების სისტემატური დარღვევაა.

კერძოდ საუბარია მოსკოვის მიერ კალინინგრადთან, პოლონეთთან, ლიეტუვასთან ფრენებზე შეზღუდვების დაწესებაზე. ამასთან, დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ მოსკოვმა საქართველოსა და რუსეთის საზღვართან სადამკვირვებლო ფრენები აკრძალა.

შეთანხმება, რომელიც ახლა უკვე 34 სახელმწიფოს აერთიანებს, 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში, ამ ქვეყნების ავიაციას შეუძლია, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენა განახორციელოს.