შაქარაშვილის საქმეზე ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში 6 ბრალდებულს 3, 5 და 6 წელი მიესაჯათ

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს ექვსი წლითა და ცხრა თვით, კიდევ ერთს კი სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კერძოდ, 5 წლით და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ ლ.შ.-ს, ნ.ც-ს, გ.მ.-ს. 6 წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ა.ქ- სა და ზ.ხ-ს. 3 წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ნ.ქ.-ს.

მსჯავრდებულების ადვოკატების განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სასამართლო პროცესისთვის, არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად სოცმუშაკის მიერ წარმოდგენილი ინიდივიდუალური შეფასების დასკვნაც მომზადდა.

ცნობისთვის, 13 ნოემბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწოვნები – ზ.ხ, ა.ქ, ნ.ც, ლ.შ, გ. მ, და ნ.ქ დამნაშავედ ცნო.

დაკავებულ პირებს – ლ.შ-ს, ნ. ც-ს, და გ.მ-ს ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ა.ქ-ს, ნ.ქ-ს და ზ.ხ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ზ.ხ.-ს და ა.ქ-ს, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ, რაც დაზარალებულ გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას მოიცავდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანი იყო, ამჟამად კი, ყველა მათგანი, ზ.ხ.-ს გარდა, სრულწლოვანია.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან “დახმარება გამოიძახა”. შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 არასრულწლოვანია.

მსგავსი სტატიები