ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს

გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია შტაბში არსებული ინვენტარი. მელიას შტაბის ხელმძღვანელი მომხდარს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე მისულებს შენობაში შეგდებული ბენზინის 2 ბოთლი და დაზიანებული ოფისი დახვდათ.

“ჯერ არავინ არ არის იდენტიფიცირებული. დილის 6-ის წუთებზე შევიტყვეთ, რომ ოფისში ხანძარია. დაგვხვდა ჩამსხვრეული შუშები და შენობაში შეგდებული ბენზინის 2 ბოთლი. მთლიანად აპირებდნენ დაწვას, მაგრამ ვერ მოასწრეს.

იმედი არ მაქვს, რომ რამეს გამოიძიებენ. იგივენაირად ჩაფარცხდება, როგორც იყო ყოველთვის”. – ამბობს მელიას შტაბის ხელმძღვანელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები