“ძველი იპოდრომის ტერიტორია აუქციონზე 2 მლნ ლარად გავა”

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გვინდა გამოვაცხადოთ აუქციონი იმასთან დაკავშირებით, რომ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდეს ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორიაზე და გამარჯვებულმა კომპანიამ 7 174კვ.მ. ფართობზე ორი წლის ვადაში მოაწყოს 4 ღია საჩოგბურთო კორტი, 1 ღია ან დახურული საცურაო აუზი და 1 სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი. ობიექტის პრივატიზაციის პირველადი საწყისი თანხა 5 775 000 ლარს შეადგენს.
„ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორია 2009 წელს იქნა გასხვისებული, სადაც მშენებლობები უნდა განხორციელებულიყო და რა თქმა უნდა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. რაც მერიაში უფლებამოსილების განხორციელება დავიწყეთ, პირადად ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იყო ჩართული, ჩვენი თანამშრომლები და მეც ამ მოლაპარაკებებში ვიყავით ჩართული, რომ როგორმე ინვესტორთან მიგვეღწია იმ შედეგს, რომ კორტები დაბრუნებოდა მუნიციპალიტეტს და გაგვეკეთებინა ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება, განხორციელდა ადგილმონაცვლეობა და გვინდა, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე კორტების ადგილი აღვადგინოთ თავდაპირველი სახით, სადაც ყველა ადამიანს, იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ სპორტული კომპლექსით“, – აღნიშნავს მერი.