ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კოვიდ 19 დაუდგინდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კოვიდ 19 დაუდგინდა. მან კლინიკაში დაინფიცირების ფაქტი გამორიცხა.

მისივე აღნიშვნით, ის მკურნალობას სახლში გადის, ვინაიდან კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.

“რამდენიმე დღის წინ კონტაქტი მქონდა ახლობელთან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. როცა ეს ინფორმაცია გამაგებინა, ანუ წინა კვირის ხუთშაბათს, ჩავიტარე ტესტირება და კოვიდდადებითი აღმოვჩნდი, თუმცა თავს კარგად ვგრძნობდი და სიმპტომები არ მაქვს. რამდენიმე დღე კლინიკაში ვიყავი მოთავსებული, ჩამიტარდა ყველანაირი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია. არც პნევმონია და არც სხვა სიმპტომი არ აღმომაჩნდა, როდესაც ახალი პროტოკოლით შესაძლებელი გახდა უსიმპტომო პაციენტების ბინაზე მკურნალობა, გადავედი სახლში. მაქვს ამის საშუალება, ვიყო იზოლირებულად. ახლა ბინაზე ვმკურნალობ და ვიმყოფები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

დღეს განმეორებითი ტესტი ჩავაბარე, იმედია პასუხი უარყოფითი იქნება. სამ დღეში ანუ მე-12 დღეს, პროტოკოლის თანახმად, კვლავ გავიტესტები და თუ ისევ უარყიფითი იქნება პასუხი, დავუბრუნდები სამსახურს. თავს კარგად ვგრძნობ, “- აღნიშნა სოლომონ ფუტკარაძემ.