“ჩვეულებრივი თემაა, რომ გაუფასურდება ლარი, ყველაფერი გაძვირდება”, – რას გვპირდება ოქტომბრის თვე?

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ აღნიშნა, რომ ჩვეულებრივი თემაა, რომ გაუფასურდება ლარი, ყველაფერი გაძვირდება. პროდუქტის გაძვირებას უბრალოდ ყველაზე სენსიტიურად ვეკიდებით.

„ოფიციალური მონაცემები მოწმობს, რომ წლიდან წლამდე ინფლაცია 5%-დან 7%-მდეა. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ გაუფასურებულ ლარს, ვერაფერი აჩერებს, შესაბამისად იმპორტიორების განწყობაც ასეთია, რომ ვინც შეძლებს გაძვირებული ფასით გაყიდოს პროდუქცია, ოპერირებას გააგრძელებს, ვინც ვერა – ძალიან გაუჭირდება ან იმ პროდუქტებზე, რომლითაც მუშაობას აპირებენ, გაძვირებული ფასები დაგვხვდება ოქტომბერში, თუ რამეზე არ დაგვხვდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ბრენდები ბაზარს დატოვებენ. ზოგადად ქვეყანაშია ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარება. ყველა კომპანია ზარალზეა, განსაკუთრებით ის კომპანიები, რომლებიც სასტუმროებთან, კაფე-ბარებთან და რესტორნებთან თანამშრომლობდნენ. ზარალი კოლოსალურია. ამასთან, კომპანიების უმეტესობა საბანკო პროდუქტით სარგებლობდა და ვალდებულებები გასასტუმრებელი აქვთ. მწარმოებელი, იმპორტიორი, სადისტრიბუციო და საცალო რეალიზაციის სექტორი ერთი ჯაჭვია და ყველა პრობლემის წინაშე ვდგებით“, – აღნიშნავს ჭყონია.

მისივე აღნიშვნით, იმ 9 პროდუქტზე სუბსიდირებას ბევრი კომპანია ვერ ახერხებს, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში მოხვდა.

„პირობები, რომელიც ჩადებული იყო, ძალიან ბევრმა კომპანიამ უბრალოდ ვერ დააკმაყოფილა. ერთეული კომპანიებისთვის იყო პირობები მისაღები. გამოყოფილი იყო 10 მილიონი, დაიხარჯა 1.1 მილიონი ლარი. როგორ შეიძლება მეტის დახარჯვის საჭიროება არ ყოფილიყო?“, – დასძინა ჭყონიამ.

მისივე აღნიშვნით, ლარის მსგავსი გაუფასურება წლების განმავლობაში არსებული არასწორი პოლიტიკის შედეგია.

„არ უნდა დახარჯონ ფული მივლინებებზე და აიყვანონ შტატგარეშე მომუშავეები, ქამრები უნდა შემოიჭირონ, ბიუჯეტს გადახედონ, რომ ჭარბი ფულის მასა მაქსიმალურად შეამცირონ. მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდია და კიდევ უფრო მეტი თანხები იხარჯება. ეროვნული ბანკის ინტერვენციები წყალში გადაყრილი ფულია, ჰაერში ვიქნევთ რეზერვებს. ეს არასწორი მიმართულების შედეგია. ყველაზე კარგი იქნებოდა თავის დროზე ინვესტიციები ყოფილიყო ჭარბად შემოსული“, – აღნიშნა ჭყონიამ.

მსგავსი სტატიები