“რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ? ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა”, – ილია მეორე

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს.

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს სვეტიცხოვლობას, ათორმეტი მოციქულის დღესასწაულს. დიდება უფალს და მადლობა უფალს. ჩვენ როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულს, აწმყოზე და მომავალზე , ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველო განსაკუთრებულ ღვთის მფარველობის ქვეშ არის. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამდენი წყალობისათვის. წარმოიდგინეთ თქვენ, საქართველოში ჩამოაქვთ ხალენი (მოსასხამი) ილია წინასწარმეტყველისა, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ? ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა. ჩვენ უნდა მადლობა შევსწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თორმეტი მოციქული, მეთევზეები, მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ, უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა. წყალობა და მადლი ღვთისა მოეფინა თორმეტ მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა. ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა და მადლობა შესწიროს უფალს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორედ თვითონ დასაჯა თავისი თავი. დღეს ჩვენ მოხარული და ბედნიერნი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენ მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს მე მგონი, 32-ე შემთხვევაა. 32-33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით. ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსათვის. ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო ეს კორონა, სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი. მინდა დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც გამოიარეს ეს გზა. ესაც საკვირველია, როგორ შესძლო, ამ მცირეწლოვანმა ქალიშვილმა, წმინდა ნინომ გამოევლო ეს შორი გზა, მაგრამ წყალობა ღვთისა გამოვლინდება უძლურებაში და გამოვლინდა კიდეც. წმინდა ნინო გწყალობდეთ თქვენ სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. სიგელები დაურიგდებათ მათ, რომელთაც გამოიარეს ეს გზა“, – აღნიშნავს პატრიარქი.