“საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად კონტროლირებადი და მართვადია”, – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად კონტროლირებადი და მართვადია. ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა ოდენობამ 86% შეადგინა.

„რაც შეეხება ზოგადად, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას, მინდა გითხრათ, რომ ის სრულად კონტროლირებადია და მართვას ემორჩილება. დღეს არსებული მონაცემებით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი საკმაოდ კარგი გვაქვს- 86%-ზე ავედით გამოჯანმრთელების მაჩვენებლის მიხედვით. 119 კოვიდინფიცირებული ადამიანი კლინიკებში რჩება. სამწუხაროდ, გვაქვს 15 გარდაცვალება, რომელიც წარმოადგენს 1,6%-ს, რაც საერთაშორისო გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით დაბალია“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანაში შემომსხვლელთათვის კარანტინის გავლა აუცილებელი რჩება.

„ჯერჯერობით, ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანისთვის ძალაში რჩება. შესაძლებელია, იყოს გარკვეული გამონაკლისი, ე.წ. თვითიზოლაცის, როდესაც არის ოჯახი“,- დასძინა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველო შესაძლოა იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდეს, რომელსაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის.

„ყველა ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას. იცით, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველო არის იმ 14 ქვეყნის სიაში, რომელსაც ევროპა საზღვარს უხსნის. ალბათ, ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას ექნება დანართი, თუ რას მოსთხოვს ევროკავშირი იმ ქვეყნებს, რომელთა რიცხვში ჩვენც შევდივართ. ალბათ, ექვივალენტური იქნება. რასაც ევროკავშირი დააწესებს, ეს მოითხოვს, რომ ქვეყანაში შესაბამისი რეგულაცია დაწესდეს“,- ამირან გამყრელიძე.