აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მიესალმება საქართველოს მიერ ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, რომელიც უზრუნველყოფს უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

„ეს ცვლილებები მიღებული იყო 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად, რომელიც მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა. ცვლილებები წაახალისებს სტაბილურობის განმტკიცებასა და საპარლამენტო პლურალიზმს ოქტომებრში დაგეგმილ საპარალმენტო არჩევნებზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეიცავს ეუთო-ს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაცებს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეფექტურად აამოქმედოს ასეთი კანონმდებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნავენ, რომ „აშშ განაგრძობს საქართველოს მიერ დემოკრატიის, საარჩევნო პრაქტიკისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების ძალისხმევის მხარდაჭერას, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, რაც საუკეთესო თავდაცვაა რუსული აგრესიისგან“.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა.