ორი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, მეორე კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით 2 ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, მეორე ისევ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შემოტანილი შემთხვევაა. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა. დაახლოებით ორი კვირაა უკვე ზომიერი სტაბილიზაცია გვაქვს, დღეში 2-3-ზე მეტი არ არის ახალი შემთხვევა და გუშინაც მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 3-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს. 2 ახალი შემთხვევიდან 1 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შემოტანილი შემთხვევაა. ჩვენს ცენტრში 1 ახალი პაციენტი მოთავსდა, ის, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა უკვე დადასტურებულთან. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა თავისი რუტინული კვლევებით და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენ სხვა პაციენტებშიც არ შეინიშნება დაავადების პროგრესიება და სიტუაცია მართვადია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.