“პრემიერმა ქვეყნის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა”

საქართველოს პრემიერმა ქვეყნის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი აღნიშვნით, ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან არაფერი, ამ სატრანსპორტო თვალსაზრისით, არ ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი.

„დღეს დაფრინავს ბერლინიც, ვენაც, ამსტერდამიც. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები. თითოეული ჩვენი ნაბიჯი, იმ სპეკულირების მაგივრად, რომელსაც ზოგიერთი ტელევიზიით ავრცელებენ, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზეზით იდგმება და მიზეზი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა გახლავთ. არ დაგავიწყდეთ, რომ რეგიონში ბევრგან სერიოზული აფეთქებაა. ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს კოორდინაციაში, მოლაპარაკების საფუძველზე გაკეთებული ჩვენს თითოეულ პარტნიორთან და ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან არაფერი, ამ სატრანსპორტო თვალსაზრისით, არ ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამის არ შემრცხვება და მილიონჯერ გავიმეორებ, რომ თითოეული ნაბიჯი გამოწვეული და განპირობებულია პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევით, რომელიც გვაქვს, როდესაც დღეს ჩვენი რეგიონისგან განსხვავებით ყოველდღიური ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა რიცხვითაა განსაზღვრული, მაშინ როდესაც და ზოგიერთ ქვეყანაში ასობით არის ყოველდღიურად. ამის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ჩვენი მოქალაქეების სწორი ქცევა და ამასთან ერთად, საზღვრების და საკარანტინო მექანიზმების ეფექტური კონტროლი,“- აცხადებს პრემიერი.