შაქარაშვილის საქმესთან დაკავებული მორაგბეების განაჩენს ხვალ გაასაჩივრებენ

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული მორაგბეების ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას ხვალ გაასაჩივრებენ.

ადვოკატი ვასილ მამულაშვილის აღნიშვნით, სასამართლოს განჩინებას დღეს ჩაიბარებენ, ხვალ კი, გაასაჩივრებენ.

„მიგვაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, სოფიო ლეჟავას განჩინება, რითაც არჩილ გაგნიძეს და ვასილ მახარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, არის დაუსაბუთებელი, უკანონო და თვითნებური, რის გამოც, ხვალისთვის დაცვის მხარე წარვადგენთ საჩივარს აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით. დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ კონკრეტულ ბრალდებულებთან მიმართებაში არ არსებობდა არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისთვის, რის გამოც, იმედს ვიტოვებთ, სააპელაციო სასამართლო მიიღებს კანონიერ და სამართლიან განჩინებას”, – აღნიშნავს მამულაშვილი.