პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხა სამჯერ გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხა სამჯერ გაიზარდა, – აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აკეთებს.

„ქონების პრივატიზაციის ტემპებს თუ შევხედავთ, იმდენად მოთხოვნადი იყო და იმდენად სწრაფად გაიყიდა ობიექტები იმ სიიდან, რასაც მუდმივად ვაახლებდით, რომ პრაქტიკულად წელს 2020 წლის პირველ კვარტალში, სამჯერ და მეტად მაღალი შემოსავალი გვქონდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. კერძოდ, 2020 წლის პირველ კვარტალში თანხის მაჩვენებელმა თითქმის 60 მილიონი ლარი შეადგინა, როცა 2019 წელს ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 20 მილიონ ლარამდე იყო. ასევე აქტიურად ვაგრძელებთ წიაღის აუქციონებს,“- აღნიშნა თურნავამ.

მისივე აღნიშვნით, მართალია, პანდემიის ფონზე ბიზნეს აქტივობა შედარებით შენელდა, მაგრამ დაჩქარებული ტემპებით გააქტიურდება, როგორც პრივატიზების, ასევე წიაღის ლიცენზიების აუქციონები.

„მით უფრო, რომ განახლებულ საინვესტიციო სტრატეგიაში აქცენტს ვაკეთებთ ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ წახალისებასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაზე სხვადასხვა დარგში, მათ შორის იქნება საშენ მასალათა ინდუსტრია (ქართული კერამიკა, ცემენტისა და კლინკერის წარმოება, მოსაპირკეთებელი მასალები და სხვა მრავალი სახეობის პროდუქცია), სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება და კვების ინდუსტრია, მანქანათმშენებლობა (დანადგარები და მათი ნაწილები), საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება და სხვა მრავალი დარგი. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეულ ობიექტებზე, რომელიც წინა პერიოდში რამდენჯერმე იყო გამოტანილი აუქციონზე და ვერ გაიყიდა, შესაძლოა, ფასები შევამციროთ მსოფლიოში არსებული რეცესიიდან და დეველოპმენტის ბაზარზე შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე. რაც შეხება მსხვილ ობიექტებს, ვფიქრობთ, მსგავსი უნიკალური ობიექტების საპრივატიზაციოდ გამოსატანად უახლოესი თვეები საუკეთესო პერიოდი არ იქნება,“- დასძინა თურნავამ.