არის მოლოდინი რომ ბრალდების მხარე მნიშვნელოვანი ვიდეომტკიცებულებებს არ გამოიკვლევს, – კობიაშვილის ადვოკატი

არის მოლოდინი რომ ბრალდების მხარე მნიშვნელოვანი ვიდეომტკიცებულებებს არ გამოიკვლევს, – აცხადებს მერაბ კობიაშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე ვიმსჯელეთ. ყველამ ვიცოდით, რომ საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემოდა სასამართლოს და ეს საქმე უნდა შეფასდეს არსებითი განხილვის სხდომაზე. რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებს, ჩვენ, დაცვის მხარემ და თავად ბრალდებულმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა. დღეს, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ წარვადგინეთ მტკიცებულებები. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელმაც ნათელი უნდა მოფინოს საქმეს და უნდა გადაწყვიტოს ამ საქმის ბედი. გვაქვს მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე გარკვეულ მტკიცებულებებს არ გამოიკვლევს და დიდი ალბათობით შეიძლება მოხსნას კიდეც საკუთარ მტკიცებულებათა ნუსხიდან. შესაბამისად, თუ ბრალდების მხარე ამ მტკიცებულებებს მოხსნის, ჩვენ მათ მაინც გამოვიკვლევთ, როგორც ჩვენს მტკიცებულებებს. საქმეში ძალიან ბევრი ვიდეომტკიცებულებაა, რომელზეც რამდენიმე ეპიზოდად არის ასახული თუ როგორ სცემა ბევრმა ადამიანმა მერაბ კობიაშვილი, როგორ მიდის კობიაშვილი და როგორ გამოედევნენ ეს პირები, როგორ განაგრძეს ძალადობა მასზე. ეს გრძელდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ასევე საქმეში დევს ვიდემტკიცებულებები, როგორ ვითარდება კობიაშვილის მანქანასთან და საცხოვრებელ სახლთან მოვლენები“, – აცხადებს ადვოკატი.

მან დასძინა, რომ წარმოდგენილია ვიდეომასალები, რომლებიც რამდენიმე რაკურსით უყურებენ შემთხვევას.

„მიგვაჩნია, რომ ყველა ეს ვიდეოჩანაწერი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დადასტურდეს ბრალდებულის უდანაშაულობა. აპელირება ისეთ ვიდეოჩანაწერზე, სადაც სროლის ფაქტი არ არის ასახული, ეს არის უმნიშვნელო და საქმის ბედი უნდა გადაწყდეს ყველა მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერებით, რომელზეც მოგახსენეთ. ამიტომ დაცვის მხარემ თავი დავიზღვიეთ და ეს ჩანაწერები ჩვენს მტკიცებულებათა ნუსხაში შევიტანეთ. იმდენი ვიდეოჩანაწერია, ამის დათვლაც კი წარმოუდგენელია, თუმცა დაცვის მხარემ აქცენტი გავაკეთეთ ჩხუბის ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე, რის მიხედვითაც საქმეზე განაჩენი უნდა დადგეს“,-დასძინა კაკაბაძემ.

მისივე განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში ასევე არის „ტენდენციური და სუბიექტური მოწმეების ჩვენებები“.

„ეს არის დაზარალებულის ახლობლების ჩვენებები, რომელიც რა თქმა უნდა, არ იქნება გასაზიარებელი სასამართლოში, რადგან ჩვენ დავადასტურებთ, რომ ეს მოწმეები არადამაჯერებელი მოწმეები არიან და მათი ჩვენებები წინააღმდეგობაშია ვიდეოჩანაწერებთან. როცა მოწმის ჩვენება ფაქტის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ეწინააღმდეგება, ნაფიცმა მსაჯულმაც და სასამართლომაც უპირატესობა ვიდეოჩანაწერს უნდა მიანიჭოს, მოწმის ჩვენებასთან შედარებით“, – დასძინა კაკაბაძემ.

მსგავსი სტატიები