ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათგან ყველა მოზარდია

მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათგან ყველა მოზარდია.

„რაც შეეხება რვა ახალ პაციენტს, ოთხი მათგანი არის საკარანტინო სივრციდან, რომელიც 11 მაისს დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. დანარჩენი ოთხი კი ასე ნაწილდება: ორი არის საკარანტინო სივრციდან კონტაქტები, ერთი არის ბოლნისიდან და ერთი თეთრიწყაროდან. ჩვენთან ამ ეტაპზე მკურნალობს 34 პაციენტი და აქედან, 33 არის დადასტურებული შემთხვევა, ერთი კი შესაძლო შემთხვევაა, რომელსაც გამოკვლევას ვუტარებთ. ამ ახალი რვა დადასტურებული შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი შემოიყვანეს. გუშინ ჩვენთან გამოჯანმრთელდა და გაეწერა ექვსი პაციენტი. საინტერესო არის ის, რომ ექვსი ახალი გამოჯანმრთელებულიდან ყველა მოზარდია და მათ კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დატოვეს. ამ ეტაპზე ერთი არასრულწლოვანი დაგვრჩა, რომელიც ჩვენთან მკურნალობს“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე აღნიშვნით, ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მესამე დღეა დასტაბილურებულია.

„რაც შეეხება ჩვენს კრიტიკულ პაციენტს, მისი მდგომარეობა მესამე დღეა დასტაბილურებულია, თუმცა ჯერჯერობით მაინც, მისი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. ერთი-ორი დღეც თუ მდგომარეობა ასეთი სტაბილური იქნება, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ კარგ პროგნოზზე, მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. სამი მძიმე პაციენტი, რომელივ გვყავდა, მათი მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია და ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმის პაციენტებად მოიაზრებიან. უმეტესად, ამ ეტაპზე, ჩვენთან საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ“,- აცხადებს ეზუგბაია.

მსგავსი სტატიები